Tuesday, December 13, 2011

ბირთვული იარაღის მქონე ქვეყნები

ბირთვული იარაღი დღეისათვის მსოფლიოს 8 ქვეყანას გააჩნია, რომელთაგან მხოლოდ ხუთია მიჩნეულია "ბირთვული იარაღის ქვეყნებად" 1970 წელს დადებული "ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ" ხელშეკრულების მიხედვით. ეს ქვეყნებია: აშშ, რუსეთი , დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და ჩინეთი. ქვეყნები, რომლებიც ცნობილია ან მიიჩნევა, რომ გააჩნიათ ამ ტიპის იარაღი, მოიხსენებენ "ბირთვული კლუბის" ქვეყნებად.
1970 წლის ბირთვული გაუვრცელებლობის ხელშეკრულების არაწევრი სამი ქვეყანა - ინდოეთი, პაკისტანი და ჩრდილოეთ კორეა, აქტიურად ანხორციელებდა ბირთვული იარაღის ტესტირებას. ჩრდილოეთ კორეა გახდა ხელშეკრულების წევრი, მაგრამ 2003 წელს ისევ გამოვიდა. მიუხედავად ისრაელის მხარის უარყოფისა, ცნობილია, რომ ისინი 1967 წლიდან ქმნიდნენ ბირთვულ იარაღს, თუმცა მისი ტესტირების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს.სამხრეთ აფრიკას გააჩნია უნიკალური სტატუსი ბირთვული იარაღის მწარმოებელ ქვეყნებს შორის. ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის შემდეგ ქვეყანამ ბირთვული არსენალის დემონტაჟი მოახდინა.

Wednesday, November 30, 2011

კოპტები

კოპტების დროშა (შექმნა:2005 წ)
   კოპტები არიან ეგვიპტის მკვიდრი ქრისტიანები, უდიდესი ეთნო-რელიგიური ჯგუფი. ეგვიპტეში ქრისტიანობა მთავარი რელიგია იყო რომაელების პერიოდში (IV-VI ს), სანამ ეგვიპტეს მუსლიმები დაიპყრობდნენ და დღესაც რჩება ქრისტიანობა მოსახლეობის უმცირესობისათვის უმთავრეს რელიგიად.
   კოპტებმა ეგვიპტეში შექმნეს ყველაზე დიდი ქრისტიანული თემი ახლო აღმოსავლეთში და შეადგენენ მთლიანი მოსახლეობის დაახლოებით 10 %-ს (2011 წლის მონაცემებით ეგვიპტის მოსახლეობა შეადგენს 76 მილიონს). კოპტების ძირითადი ნაწილი ალექსანდრიის კოპტური მართმადიდებლური ეკლესიის ერთგული რჩება, ხოლო დანარჩენი ნაწილი (დაახ. 800 ათასი) გაყოფილია კოპტურ კათოლიკურ დაპროტესტანტულ ეკლესიებად.
  ქრისტიანი კოპტები ეგვიპტის ხელისუფლებაშიც იყვნენ წარმოდგენილი. მაგალითად, გაეროს ყოფილი გენერალური მდივანი, მანამდე ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბუტროს ბუტროს გალი ქრისტიანი კოპტია. ეგვიპტის ყოფილი პრეზიდენტი მუბარაქი იყენებდა თავის კონსტიტუციურ უფლებას დაენიშნა პარლამენტის წევრებად კოპტები, რათა ფორმალურად გაეზარდა იქ ქრისტიანთა წარმომადგენლობა. კულტურის სფეროში, ხელოვნებაში, ბიზნესში ადგილობრივ ქრისტიანთა როლი მათ რაოდენობრივ წილთან შედარებით ბევრად უფრო მაღალია [რევაზ გაჩეჩილაძე, ახლო აღმოსავლეთი, 2011]
  ეგვიპტეში ისლამის პოლიტიკური უპირატესობის განმტკიცებას თან სდევდა დემოგრაფიული შედეგი: ქრისტიანი კოპტები გრძნობდნენ თავიანთ "უადგილობას" ისლამურ სახელმწიფოში და ამას მიგრაციული ქცევით პასუხობდნენ. ისინი წავიდნენ (და ეს პროცესი დღესაც გრძელდება) ძირითადად ამერიკის ქვეყნებში, ავსტრალიასა და ევროპაში. ემიგრაციის გამო აღმოსავლურ-ორთოდოქსული კოპტური ეკლესია სისტემატურად კარგავს მრევლს. თუ 1975 წელს ჩრდილოეთ ამერიკაში კოპტურ საარქიეპისკოპოსოს სულ 14 მღვდელი ჰყავდა, 2000 წელს -145.


კოპტების რაოდენობა სხვადასხვა ქვეყნებში:
კოპტური დიასპორების რუკა

  • ეგვიპტე - 5-7 მილიონი
  • სუდანი - 500 ათასი
  • აშშ - 0,2-1 მილიონი
  • კანადა - 200 ათასი
  • ავსტრალია - 750 ათასი 

This post is not completed yet...

Saturday, November 26, 2011

თალიბანის მიერ შემოღებული აკრძალვები ავღანეთში


1996-2001 წლებში თითქმის მთელ ავღანეთს სუნიტური ფუნდამენტალისტური თალიბანის მოძრაობა მართავდა. თალიბების სათავეში მოსვლის შემდეგ ქვეყანაში სავალდებულო 16 მითითება გამოცხადდა:



  1. ქალებს ეკრძალებათ შილიფად ჩაცმა;
  2. ქალებს თანმხლები ნათესავი მამაკაცის გარეშე ეკრძალებათ ტრანსპორტში ასვლა;
  3. იკრძალება წვერის გაპარსვა – ყველა კაცს წვერი მუშტის სიგრძეზე უნდა ჰქონდეს;
  4. ლოცვისთვის გამოყოფილი საათების დროს ტრანსპორტით გადაადგილება იკრძალება;
  5. იკრძალება მტრედების მოშენება და ფრინველთა პაექრობის მოწყობა;
  6. იკრძალება ნარკოტიკების მოხმარება;
  7. იკრძალება ფრანით გართობა;
  8. იკრძალება სურათები და პლაკატები;
  9. იკრძალება აზარტული თამაშები;
  10. იკრძალება ევროპული ვარცხნილობა (გრძელთმიან მამაკაცს დააკავებენ და „წესრიგის დამყარებისა და ცოდვათა დაძლევის სამინისტროს“ გადასცემენ, სადაც გაკრეჭენ. გაკრეჭვის ხარჯებს თავად დაკავებული დაფარავს);
  11. იკრძალება პროცენტის აღება ვალად გაცემულ თანხაზე;
  12. იკრძალება მდინარის პირას მდინარის წყალში რეცხვა;
  13. იკრძალება მუსიკა და ცეკვა ქორწილებსა და ნიშნობებში;
  14. იკრძალება დოლზე დაკვრა;
  15. მკერავებს ეკრძალებათ ალის ტანსაცმლის კერვა;
  16. იკრძალება მკითხაობა.

Saturday, November 19, 2011

"ბალფურის დეკლარაცია"


ბალფურის დეკლარაცია — 1917 წლის 2 ნოემბერს გამოქვეყნებული დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ბრიტანეთის იმპერია მხარს უჭერდა ისრაელის მიწაზე (პალესტინაში) „ებრაელი ხალხისათვის ეროვნული კერის“ ჩამოყალიბებას.
პალესტინაში ებრაელთა ლეგალურად დასახლების უფლებაზე 1917 წლიდან დაიწყო მოლაპარაკება დიდი ბრიტანეთის მთავრობასა და სიონისტურ ფედერაციას შორის, რომელსაც ძალიან აქტიურად წარმოადგენდა ამ ფედერაციის პრეზიდენტი, შემდგომში ისრაელის სახელმწიფო პირველი პრეზიდენტი ხაიმ ვაიცმანი. 1917 წლის 2 ნოემბერს, დიდი ბრიტანეტის მთავრობის სახელით, საგარეო საქმეთა მინისტრმა ლორდმა ბალფურმა სიონისტური ფედერაციისათვის გასაცნობი საბოლოოდ შეთანხმებული ტექსტი გაუგზავნა ცნობილი ბანკირების, როტშილდების ბრიტანული შტოს წარმომადგენელს, ლორდ როტშილდს.


დეკლარაციის ტექსტი:


„ძვირფასო ლორდო როტშილდ,
ჩემთვის დიდი სიამოვნებაა, მისი უდიდებულესობის მთავრობის სახელით გადმოგცეთ ებრაელთა სიონისტური მისწრაფებისადმი თანაგრძნობის შემდეგი დეკლარაცია, რომელიც წარედგინა და დამტკიცდა კაბინეტის მიერ:
„მისი უდიდებულსობის მთავრობა კეთილგანწყობით უყურებს პალესტინაში ებრაელი ხალხისათვის ეროვნული კრების დაფუძნებას და გამოიყენებს მთელ თავის ძალისხმევას, რათა გააადვილოს ამ მიზნის მიღწევა, იმის ნათელი გაგებით, რომ არაფერი გაკეთდება ისეთი, რამაც შეიძლება ზიანი მიაყენოს პალესტინაში არსებული არაებრაული თემების სამოქალაქო და რელიგიურ უფლებებს, ანდა იმ უფლებებსა და პოლიტიკურ სტატუსს, რომლითაც ებრაელები სარგებლობენ რომელიმე სხვა ქვეყანაში“.
მადლობელი დაგრჩებით, თუკი გააცნობთ ამ დეკლარაციას სიონისტურ ფედერაციას.“


Thursday, November 17, 2011

მუსლიმანთა დემოგრაფიული პერსპექტივები

საკმაოდ ავტორიტეტული ამერიკული კვლევითი ორგანიზაციის PewResearch centre-ის მიერ გამოქვეყნებულ მასალებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მუსლიმანთა რიცხვი მომდევნო ოცი წლის განმავლობაში 35%-ით გაიზრდება და 2030 წლისთვის მათი რიცხვი 2.2 მილიარდს მიაღწევს (2010 წლისთვის შეადგენენ 1.6 მლრდ-ს).

მუსლიმანთა ხვედრითი წილი მსოფლიო მოსახლეობაში

   თუ მუსულმანთა ზრდის ტემპი დღევანდელი ტენდენციებით გაგრძელდა 2030 წელს მსოფლიოს მოსალოდნელი 8.3 მილიარდი მოსახლის 26.4 % მუსლიმანი იქნება. მართალია მათი რიცხვი 2030 წლამდე გაიზრდება, მაგრამ მუსლიმანი მოსახლეობის ზრდა 1990-2010 წლების ტემპებთან შედარებით დაბალი იქნება.
   წინა პერიოდთან შედარებით ზრდის ტემპების შემცირება გამოწვეული იქნება შემდეგი მიზეზებით : ქალებისა და გოგონებისათვის  განათლების დონის გაზრდითა და ქალაქებში მიგრაციით, რაც მოქმედებს შობადობის კოეფიციენტის შემცირებაზე.


სუდანის "დარფურის" კონფლიქტი


კონფლიქტის დაწყებიდან 2.7 მილიონი ადამიანი დარჩა უსახლ-კაროდ, ხოლო 300,000 ადამიანი გარდაიცვალა(გაეროს მონაცემები)


როგორ დაიწყო კონფლიქტი?


კონფლიქტი დაიწყო (განახლდა) 2003 წლის თებერვალში, მას შემდეგ რაც "სუდანის გათავისუფლების არმიამ (SLA)" და "სამართლიანობისა და თანასწორობის მოძრაობამ (JEM)" დაიწყო შეიარაღებული შეტევები მთავრობის წინააღმდეგ. ისინი მთავრობას ადანაშაულებდნენ სუდანის შავ-აფრიკელ მოსახლეობაზე ზეწოლას და სუდანელი არაბების მხარდაჭერას.
კონფლიქტის ერთ მხარეს დგას სუდანის სამხედრო,პოლიცია და ჯანჯავედის არმია ( სუდანის არაბული მოსახლეობიდან დაკომპლექტებული არმია, რომელსაც ფარულ მხარდაჭერას უწევს სუდანის მთავრობა, რათა სამხრეთ სუდანის ტერიტორია გაწმინდონ შავი აფრიკელებისაგან),  ხოლო მეორე მხარეს წარმოადგენენ - აჯანყებული ჯგუფები.
   სამხრეთ სუდანში არის შავი მოსახელობა, რომელთაც სწამთ ნილოტურ-ორომოის წარმართობის, პროტესტანტობის და ისლამის. ჩრდილო სუდანში ცხოვრობენ მისრითის არაბები და ზანგები, ჩვეულებრივ არაბებზე შავები. 

Wednesday, November 16, 2011

XX საუკუნის კონფლიქტები და მსხვერპლები

მსოფლიო ისტორიის ფურცლები განუწყვეტელი და სისხლისმღრელი ომის ქრონიკებითაა შედგენილი, რომელიც განსხვავებული მიზეზებით, ტერიტორიული გამოვლინებებითა და მასშტაბებით გამოირჩევა. ანტიკური პერიოდიდან დღემდე იხვეწებოდა ომის წარმოების ტექნოლოგიები, რომელიც ამ არაჰუმანურ მოვლენას უფრო სასტიკს ხდიდა. გარკვეული ჯგუფების მზარდი ამბიციები გავლენის სფეროების გადანაწილებისათვის  შესაბამისად ადამიანური მსხვერპლის მზარდი რაოდენობით გამოიხატებოდა და ამ მხრივ XX საუკუნე ყველაზე სისხლიანი აღმოჩნდა. საუკუნის მანძილზე მომხდარ სამოქალაქო/ლოკალურ თუ ერთაშორის ომებს, რელიგიურ თუ ეთნიკურ უმცირესობათა მიმართ განხორციელებულ წმენდას/გენოციდს, რევოლუციებსა თუ რეპრესიებს მსოფლიო მაშტაბით შეეწირა დაახ. 160 მილიონი ადამიანის სოცოცხლე. ქვემოთ გთავაზობთ XX საუკუნის კონფლიქტების/ომების/გენოციდების ქრონოლოგიას მიახლოებითი მსხვერპლის (ზუსტი რიცხვების დადგენა პრაქტიკულად შეუძლებელია) თანხლებით. პოსტის მიზანია გეოგრაფიის ჩვენება და არა კონფლიქტების დეტალური აღწერა (ქვემოთ ჩამოთვლილ მონაცემებს არა აქვს სრულყოფილობის პრეტენზია, სავსებით შესაძლებელია, რომ გამოტოვებული აღმოჩნდეს რომელიმე თქვენთვის ცნობილი კონფლიქტიც).


  • 1899-02 ბრიტანეთ-ბურების ომი (100,000)
  • 1899-03 კოლუმბიის სამოქალაქო ომი (120,000)
  • 1899-02 ფილიპინები-აშშ (20,000)
  • 1903 ოსმალეთსა და მაკედონიის მეამბოხეთა შორის (20,000)
  • 1904 გერმანია-ნამიბია (65 ათასი)
  • 1904-05 იაპონია-რუსეთი (150 ათასი)
  • 1910-20 მექსიკის რევოლუცია (250 ათასი)
  • 1911 ჩინეთის რევოლუცია (2,4 მილიონი)
  • 1911-12 იტალია-ოსმალეთი (20 ათასი)
  • 1912-13 ბალკანეთის ომი (150 ათასი) 
  • 1915 სომხების "ამოხოცვა/გენოციდი" ოსამლეთის იმპერიაში (ოფიც. 1.2 მილიონი, რეალურად ბევრად ნაკლები)
  • 1915-20 ასირიელების "ამოხოცვა/გენოციდი" ოსმალეთის იმპერიაში (500 ათასი)
  • 1916-23 პონტოელი ბერძნების (350 ათასი) და ანატოლიის ბერძნების (480 ათასი) "ამოხოცვა/გენოციდი" ოსმალეთის იმპერიის მიერ

Thursday, November 3, 2011

ჩინეთის მოსახლეობა

   ჩინეთი მსოფლიოში პირველ ადგილზეა მოსახლეობის რაოდენობით, რომელიც 2011 წლისათვის 1,3 მილიარდ ადამიანს შეადგენს (უფრო ზუსტად 1,339,724,852 ადამიანი). დედამიწის მოსახლეობის რაოდენობამ 2011 წელს 7 მილიარდს გადააჭარბა და მარტივი გათვლით მსოფლიოში თითქმის ყოველი მე-6 მოსახლე ჩინელია.
   ჩინეთის მოსახლეობის ზრდა რამდენადმე შემცირდა 1979 წლიდან ამუშავებული "ერთი შვილის" პოლიტიკის შედეგად.
1950 წლისათვის ჩინელები შეადგენდნენ მხოლოდ 563 მილიონს. სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო მოსახლეობის მკვეთრი ზრდა და უკვე 80-იან წლებში მიაღწია ამ რიცხვმა მილიარდს.
ჩინეთში მთლიანი ფერტილურობის მაჩვენებელი შეადგენს 1.7-ს, რაც ნიშნავს იმას, რომ თითოეული ქალი აჩენს საშუალოდ 1.7 ბავშვს, ხოლო უცვლელი მოსახლეობისათვის კი საჭიროა ფერტილურობის მაჩვენებელი შეადგენდენს 2.1-ს. მიუხედავად ამისა, ექსპერტები ჩინეთის მოსახლეობის ზრდას ვარაუდობენ რამოდენიმე ათწლეულის მანძილზე. ეს გამოწვეული იქნება ჩვილთა და ზოგადად სიკვდილიანობის დონის შემცირებით (ეროვნული ჯანდაცვის გაუმჯობესების ხარჯზე) და ასევე იმიგრაციული ნაკადების ზრდის გამო.
ჩინეთის მოსახლეობის ზრდა სავარაუდოდ გაგრძელდება 2030 წლამდე, ხოლო შემდეგ ნელ-ნელა დაიწყება შემცირება.
მოსახლეობის რაოდენობით მეორე ქვეყანა - ინდოეთი, ექსპერტთა აზრით, დაეწევა ჩინეთს უახლოეს ათწლეულებში და 2040 წლისათვის მისი მოსახლეობა იქნება 1,52 მილიარდი. ამ წელს ჩინეთის მოსახლეობა იქნება 1,45 მილიარდი და ინდოეთი გახდება მსოფლიოს ლიდერი ქვეყანა.  

Sunday, October 30, 2011

თანამედროვე კომუნისტური ქვეყნები

საბჭოთა კავშირის არსებობის წლებში (1922-91) კომუნისტური ქვეყნები მოიცავდა აღმოსავლეთ ევროპის, აზიისა და აფრიკის ტერიტორიებს. XX საუკუნეში სოციალისტური ბანაკის შემადგენლობა ასეთი იყო: აღმ.გერმანია, ალბანეთი, ჩეხოსლოვაკია, უნგრეთი, ბულგარეთი, პოლონეთი, რუმინეთი,  ავღანეთი, კამბოჯა, მონღოლეთი, სამხრეთ იემენი, ანგოლა, ბენინი, ეთიოპია, კონგო, მოზამბიკი, სომალი, საბჭოთა კავშირი და იუგოსლვაია.
თანამედროვე მსოფლიოში კომუნისტური ქვეყნების მხოლოდ 5 ეგზემპლიარია შემორჩენილი. ესენია:

1. ჩინეთი
- 1949 წელს ჩინეთს სათავეში ჩაუდგა მაო ძედუნი, რომელმაც გამოაცხადა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა. ქვეყნის მართველი ძალა გახდა კომუნისტური პარტია. ამ პერიოდიდან მოყოლებული ჩინეთი რჩება კომუნისტურ ქვეყნად, მიუხედავად გატარებული ეკონომიკური რეფორმებისა. ჩინეთს "წითელ ჩინეთსაც" უწოდებენ.


2. კუბა
- 1959 წლის რევოლუციის შედეგად კუბის ხელისუფლების სათავეში ფიდელ კასტრო მოვიდა. 1961 წლისათვის კუბა მთლიანად კომუნისტური ქვეყანა გახდა და დაამყარა მჭიდრო კავშირები საბჭოთა კავშირთან.


3. ლაოსი     
- ლაოსი (ოფიციალურად ლაო-ს სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა) კომუნისტური ქვეყანა გახდა 1975 წელს ვიეტნამისა და საბჭოთა კავშირის მხარდაჭერით მომხდარი რევოლუციის შედეგად.                



4. ჩრდილოეთი კორეა
- კორეა, რომელიც იაპონიის მიერ იყო დაპყრობილი II მსოფლიო ომის დროს,  ომის შემდეგ გაიყო აშშ-ს სამხრეთად და საბჭოთა კავშირის ჩრდილოეთ კორეად. მიუხედავად საბჭოთა მართველობისა 1945 წლიდან, ჩრდილოეთ კორეა 1948 წლამდე არ გამხდარა კომუნისტური ქვეყანა.

5. ვიეტნამი
- პირველი ინდოჩინური ომის შემდეგ ვიეტნამი გაიყო ორად 1954 წელს. ჩრდილოეთ ვიეტნამი იყო კომუნისტური და მხარდაჭერილი საბჭოთა კავშირის მიერ, ხოლო სამხრეთი იყო დემოკრატიული და მხარდაჭერილი აშშ-ს მიერ. ომის შედეგად, რომელიც ორი ათეული წელი გაგრძელდა, ვიეტნამი გაერთიანდა 1976 წელს და გახდა კომუნისტური ქვეყანა.


ქვეყნები რამოდენიმე დედაქალაქით

თელ-ავივი (ისრაელი)
მსოფლიოში 12 ქვეყანაა, რომელთაც სხვადასხვა მიზეზით ერთზე მეტი დედაქალაქი გააჩნიათ. ამის მიზეზი ძირითადად აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების განაწილებაა ორ ან მეტ ქალაქზე. ასეთი ქვეყნების რიცხვს მიეკუთვნება:
              
                       





  1. ბენინი - ოფიციალური დედაქალაქია პორტო-ნოვო, თუმცა მთავრობა იმყოფება კოტონუში, რომელიც ითვლება ქვეყნის ფინანსურ დედაქალაქად. კოტონუ ბენინის უდიდესი ქალაქია.
  2. ბოლივია - აღმასრულებელი ხელისუფლება იმყოფება ლა-პასში, ხოლო საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლება - სუკრეში.
  3. კოტ-დ'იუარი - 1983 წელს პრეზიდენტმა ფელიქს უფუე-ბუანიმ დედაქალაქი აბიჯანიდან თავის მშობლიურ ქალაქ იამასუკროში გადაიტანა. იამასუკრო ოფიციალური დედაქალაქი გახდა, თუმცა სამთავრობო უწყებები და საელჩოები აბიჯანში დარჩა.
  4. ისრაელი - 1950 წელს ისრაელმა დედაქალაქად იერუსალიმი გამოაცხადა, თუმცა ყველა ქვეყნის (მათ შორის აშშ-ს) საელჩო განთავსებულია თელ-ავივში, რომელიც ქვეყნის დედაქალაქი იყო 1948-50 წლებში.
  5. მალაიზია - ოფიციალურ დედაქალაქ კუალა ლუმპურიდან მალაიზიამ ადმინისტრაციული უწყებები გადაიტანა პუტრაჯაიაში. ის მდებარეობს კუალა ლუმპურის სამხრეთით 25 კმ-ში და წარმოადგენს მის სუბურბანულ ზონას. პუტრაჯაია არის მალაიზიის მაღალი ტექნოლოგიების კომპლექსი. 
  6. მიანმა - 2005 წლის 6 ნოემბერს მთავრობამ გამოსცა ბრძანება დედაქალაქის რანგონიდან ნაიპიტაუში (მდებარეობს რანგონიდან 200 მილით ჩრდილოეთში) დაუყოვნებლივ გადატანასთან დაკავშირებით. ცვლილების დრო დაკავშირებული იყო ასტროლოგიურ რეკომედაციებთან:) დღეისათვის ორივე ეს ქალაქი დედაქალაქის სტატუსს ატარებს. 
  7. ნიდერლანდები - ოფიციალური დედაქალაქი ამსტერდამია (დე-იურე), თუმცა მთავრობისა და მონარქიის რეზიდენცია ჰააგაშია (დე-ფაქტო).
  8. ნიგერია - 1991 წლის 2 დეკემბერს დედაქალაქი ოფიციალურად გადაიტანეს ლაგოსიდან აბუჯაში, თუმცა ზოგიერთი სამთავრობო უწყება რჩება ლაგოსში. 
  9. სამხრეთ აფრიკა - გამორჩეულია სამი დედაქალაქით. პრეტორია არის ადმინისტრაციული დედაქალაქი, კეიპტაუნი - საკანონმდებლო, ბლუმფონტეინი (დან."ყვავილების ფანტანი") - სასამართლო.
  10. შრი-ლანკა - ოფიციალური დედაქალაქია კოლომბო, თუმცა ადმინისტრაციულ დედაქალაქად გამოცხადებულია კოლომბოს სუბურბანულ ზონაში მდებარე ქალაქი შრი-ჯაიავარდენეპურა-კოტე, ასევე ცნობილი როგორც კოტე:)  
  11. სვაზილენდი - მბაბანე ითვლება ადმინისტრაციულ დედაქალაქად, ხოლო ლობამბა - სამეფო და საკანონმდებლო დედაქალად. 
  12. ტანზანია - ოფიციალურ დედაქალაქად დოდომაა გამოცხადებული, თუმცა დე-ფაქტო დედაქალაქად დარ-ეს-სალაამი რჩება.

Saturday, October 29, 2011

"დაკარგული ქვეყნები"

ქვეყნების გაერთიანების, დაშლის ან სახელის შეცვლის გამო დღეისათვის უამრავი ქვეყნის სახელწოდება დაიკარგა. ქვემოთ მოცემულ სიაში ამომწურავად არაა ეს ქვეყნები ჩამოთვლილი, მაგრამ თითქმის ყველა ცნობილი "დაკარგული" ქვეყანაა ნახსენები.



  • აბისინია - ეთიოპიის ძველი სახელწოდება, რომელიც XX საუკუნეში შეიცვალა
  • ავსტრო-უნგრეთი - მონარქია (ასევე მოიხსენიებენ როგორც ავსტრო-უნგრეთის იმპერიას), შეიქმნა 1867 წელს. ავსტიისა და უნგრეთის გარდა მოიცავდა ასევე ჩეხეთს, პოლონეთს, იტალიას, რუმინეთსა და ბალკანეთის ნახევარკუნძულს. იმპერია დაიშალა I მსოფლიო ომის შემდეგ.
  • ბასუტოლენდი - ლესოტოს სახელწოდება 1966 წლამდე.
  • ბენგალი - დამოუკიდებელი სამეფო 1338-1539 წლებში. დღეს ბანგლადეშისა და ინდოეთის ნაწილს წარმოადგენს.
  • ბირმა - ბირმას ოფიციალურად შეეცვალა სახელი 1989 წელს და ეწოდა მიანმა, მაგრამ ბევრი ქვეყანა დღესაც არ აღიარებს ახალ სახელს (მათ შორის აშშ).
  • კატალონია - ესპანეთის ეს ავტონომიური რეგიონი დამოუკიდებელი იყო 1932-34 და 1936-39 წლებში ფრანკოს მართველობის დროს.
  • ცეილონი - 1972 წლიდან შრი-ლანკა ეწოდება.
  • ჩამპა - მდებარეობდა სამხრეთ და ცენტრალურ ვიეტნამში VII საუკუნიდან 1832 წლამდე.
  • კორსიკა - ხმელთაშუაზღვის ეს კუნძული ისტორიის მანძილზე იმართებოდა სხვადასხვა ერების მიერ, მაგრამ თუმცა ქონდა დამოუკიდებლობის მოკლე პერიოდებიც. დღეს კორსიკა საფრანგეთის შემადგენლობაშია.
  • ჩეხოსლოვაკია - ეს ქვეყანა მშვიდობიანად გაიყო ჩეხეთად და სლოვაკეთად 1993 წელს.
  • აღმოსავლეთ და დასავლეთ გერმანია - გაერთიანდა 1989 წელს.
  • აღმოსავლეთ პაკისტანი - პაკისტანის ეს პროვინცია 1947-71 წლებში გახდა ბანგლადეში.

მუსულმანთა დემოგრაფიული პერსპექტივები ევროპასა და აშშ-ში

თუკი საიმიგრაციო პოლიტიკაში არსებითი ცვლილებები არ მოხდება, 2030 წლისთვის  ევროპელების დაახლოებით 8% (საერთო ჯამში 58.2 მილიონი) ისლამის მიმდევარი იქნება. დღეს მათი რაოდენობა 4%-ია (44.1 მილიონი). მუსულმანური მოსახლეობის ზრდის ტემპი წინა წლებთან შედარებით მცირდება და სულ უფრო უტოლდება არა მუსულმანების ზრდის ტემპს. დღეს ევროპაში მუსულმანი ქალი საშუალოდ 2.2 ბავშვს აჩენს (არა მუსულმანი – 1.5), 2030 წლისთვის კი ეს მაჩვენებლები ევროპელ მუსულმანებში იქნება 2, ევროპელებში კი საშუალოდ 1.6 ბავშვი. მოსახლეობის კლების კიდევ ერთი მიზეზი ევროპის მუსულმანური მოსახლეობის ასაკობრივი სტრუქტურის ცვლილებაა. 2010 წელს ევროპაში მუსულმანთა 26%-ის ასაკობრივი კატეგორია 15-დან 29-წლამდე იყო, 2030 წლისთვის ეს მაჩვენებელი 21%-მდე დაეცემა.

   20 წლის შემდეგ ევროპელი მუსულმანების უმრავლესობა კვლავ აღმოსავლეთ-ევროპაში, ყოფილ ბალკანეთსა და რუსეთში იცხოვრებს. რუსეთი 2030 წლისთვისაც ის ევროპული ქვეყანა იქნება, რომელსაც ყველაზე დიდი მუსულმანური მოსახლეობა ეყოლება. ამერიკელი მკვლევარების აზრით, ყველაზე დიდი მატება მოსალოდნელია დასავლეთ და ჩრდილო-ევროპულ ქვეყნებში.
   ცალკეულ ჩრდილო და დასავლეთ-ევროპულ ქვეყნებში არსებითი ცვლილებები მოხდება. დასავლეთ-ევროპაში (კვლევის თანახმად ამ ჯგუფში საფრანგეთი, გერმანია და ჰოლანდია შედის) მუსულმანური მოსახლეობის რაოდენობა 11.3 მილიონიდან 16.4 მილიონამდე გაიზრდება, პროცენტულ მაჩვენებლებში – 6%-დან 8%-მდე. ამერიკელი მკვლევარები ცალკეული ქვეყნების მონაცემებსაც აქვეყნებენ: საფრანგეთში 2030 წლისთვის 6.9 მილიონი მუსულმანი იცხოვრებს, მაშინ როდესაც 2010 წელს მათი რიცხვი 4.7 მილიონს აღწევდა. მუსულმანური მოსახლეობა გერმანიაში 4.1-მილიონიდან 5.5-მილიონამდე გაიზრდება. მართალია ზოგადად იტალიაში, ესპანეთში, შვედეთში, ბელგიასა და ავსტრიაში ნაკლები მუსულმანი ცხოვრობს, მაგრამ კვლევის შედეგების თანახმად მათი წილი უახლოეს მომავალში განსაკუთრებულად გაიზრდება.



Friday, October 28, 2011

მოსახლეობის რაოდენობა 2100 წლისათვის

   2011 წლის მაისში გაეროს მოსახლეობის კვლევის განყოფილებამ გამოაქვეყნა მოხსენება მსოფლიო მოსახლეობის ზრდის პერსპექტივასთან დაკავშირებით 2100 წლისათვის. მონაცემები ეხება როგორც მთლიანად ჩვენს პლანეტას, ასევე ცალკეულ ქვეყნებს. გაეროს ექსპერტების ვარაუდით მსოფლიო მოსახლეობა საუკუნის ბოლოს 10.1 მილიარდი ადამიანი იქნება (თუ ფერტილურობა მოსალოდნელ დონეს გადაჭარბებს შესაძლებელია მოსახლეობის რიცხვი 15.8 მილიარდიც გახდეს).
   2100 წლის მოსალოდნელი მდგომარეობა:
  1. ინდოეთი - 1,550,899,000
  2. ჩინეთი - 941,042,000
  3. ნიგერია - 729,885,000
  4. აშშ - 478,026,000
  5. ტანზანია - 316,338,000
  6. პაკისტანი - 261,271,000
  7. ინდონეზია - 254,178,000
  8. კონგო - 212,113,000  
  9. ფილიპინები - 177,803,000
  10. ბრაზილია - 177,349,000
  11. უგანდა - 171,190,000
  12. კენია - 160,009,000
  13. ბანგლადეში - 157,134,000
  14. ეთიოპია - 150,140,000
  15. ერაყი - 145,276,000
  16. ზამბია - 140,348,000
  17. ნიგერი - 139,209,000
  18. მალავი - 129,502,000
  19. სუდანი - 127,621,000
  20. მექსიკა - 127,081,000 
   გაეროს კვლევებიდან ჩანს, რომ ჩვენი პლანეტა XXII საუკუნეს აფრიკელების საკმაოდ გაზრდილი რაოდენობით შეხვდება. მოსახლეობის რაოდენობით აფრიკის ლიდერი ქვეყანა - ნიგერია ამ პერიოდისათვის აშშ-ს თითქმის 250 მილიონი ნიგერიელით ჩამოიტოვებს:) ლიდერი ქვეყანა გახდება ინდოეთი.
   2100 წლისათვის პირველ ოცეულში აფრიკის 10 სახელმწიფო იქნება,მაშინ როცა 2010 წელს ამ ოცეულში მხოლოდ 5 სახელმწიფო შედის. ოცეულიდან ამოვარდება რუსეთი, გერმანია, იაპონია, ირანი, თურ
ქეთ და ეგვიპტე.
მსოფლიო მოსახლეობის რუკა (2010 წელი)



მსოფლიო სოფელი რომ იყოს...

მსოფლიო მხოლოდ სოფელი რომ იყოს, ყოველი 100 ადამიანიდან:
- 61 სოფლელი იქნებოდა აზიელი (მათ შორის 20 ჩინელი და 17 ინდოელი), აფრიკელი იქნებოდა 14, ევროპელი - 11, ლათინური და სამხრეთ ამერიკელი 9, ჩრდ.ამერიკელი -5, ავსტრალიიდან, ოკენანეთიდან და ანტარქტიდიდან არცერთი სოფლელი არ იქნებოდა.
- 18 სოფლელი იქნებოდა წერა-კითხვის უცოდინარი, მაგრამ 33 სოფლელს ექნებოდა მობილური ტელეფონი და 16 იქნებოდა ინტერნეტში ჩართული.

- 27 სოფლელი იქნებოდა 15 წლამდე ასაკის და მხოლოდ 7 იქნებოდა 64 წელს გადაცილებული.
- ქალებისა და კაცების რაოდენობა თანაბარი იქნებოდა.
- 18 სოფლელი ივლიდა ავტომობილით.
- 33 სოფლელი იქნებოდა ქრისტიანი, 20 იქნებოდა მუსლიმანი, ინდუსი - 13, ბუდისტი - 6, ათეისტი - 2, არარელიგიური - 12, დარჩენილი 14 სოფლელი კი სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენელი.
- 30 სოფლელი იქნებოდა დაუსაქმებელი, ხოლო დასაქმებული 70 სოფლელიდან: 28 იქნებოდა სოფლის მეურნეობაში დასაქმებული, 14 იქნებოდა მრეწველობაში, დარჩენილი 28 კი - მომსახურების სფეროში. 53 სოფლელი დღეში 2 დოლარზე ნაკლებით იარსებებდა.
- 1 სოფლელს ექნებოდა შიდსი, 26 იქნებოდა მწეველი, 14 მსუქანი.



ჩერქეზები ისრაელში


 „კავკასია,ჩემო სამშობლოვ, მე შენ არასოდეს დაგივიწყებ!“ - ჩერქეზული გამოთქმა -

ჩერქეზები ანუ ადიღეელები ისტორიულად ცხოვრობდნენ ჩრდილო-დასავლეთ კავკასიაში, შავი ზღვის სანაპირო ტერიტორიაზე, სანამ აქ მოვიდოდა რუსეთის ცარისტული იმპერია და შეავიწროვებდა მკვიდრ ხალხებს. „ჩერქეზები“ წარმოადგენს 12 სხვადასხვა ტომისსაერთო სახელწოდებას. ჩერქეზების დროშაზე გამოსახული 12 ვარსკვლავი სწორედ შემადგენელი ტომების რაოდენობას გამოსახავს.
რუსეთის კავკასიური ომების შემდეგ (1817-1864წწ),XIX საუკუნის 70-იან წლებში ჩერქეზებმა საკუთარი მიწა დატოვეს დაგადასახლდნენ ერთმორწმუნე ოსამლეთის იმპერიაში, ბალკანეთის გავლით ისინი მოხვდნენ ანატოლიაში. ოსმალებმა მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგად მოახდინა ამ ხალხის დასახლება თავის მფლობელობაში შემავალ სხვადასხვატერიტორიებზე.შეიძლება ითქვასიგივე პრინციპით, როგორც რუსეთისიმპერია ან საბჭოთა კავშირი ასახლებდა საქართველოში სხვადასხვა ეთნოსებს. მათი ერთად კონსოლიდირება არ აწყობდა იმპერიას და გადაწყვიტა მათი დაყოფა. ამ პერიოდში ახლო-აღმოსავლეთის მიწები ოსმალების მიერ იყო დაპყრობილი და ჩერქეზების გარკვეული ნაწილი სირიისა და ლიბანის გავლითპალესტინის უკიდურეს ჩრდილოეთშიც, - გალილეაშიც მოხვდნენ. დღეს აქ ისრაელის სახელმწიფო მდებარეობს და მუჰაჯირიჩერქეზების შთამომავლები ისრაელის ებრაულ და არაბულ მოსახლეობასთან ერთად ქმნიან საკმაოდ წარმატებულმულტიკულტურულ საზოგადოებას, მათ ერთმანეთთან ინტეგრაცია არ გასჭირვებიათ. პირველი ალიას დროს რუსეთის ებრაელები ჩერქეზული სოფლების მიმდებარე ტერიტორიებზე დასხლდნენ. მათი კომუნიკაცია რუსული ენის ცოდნამ გაამარტივა და დღემდე შესანიშნავი ურთიერთობას ინარჩუნებენ მეზობელ ებრაულ და ასევე, არაბულ მოსახლეობასთან. ჩერქეზი ბავშვები დაწყებით სკოლებში ეუფლებიან ებრაულ, არაბულ და ინგლისურ ენებს და ამავე დროს არ ივიწყებენ მშობლიურენას.დღეისათვის ისინი ისრაელის სრულუფლებიან მოქალაქეებად ითვლებიან და ჩერქეზი ახალგაზრდები ისრაელის ჯარშიც მსახურობენ ქვეყნის დანარჩენი მოსახლეობის მსგავსად. ებრაელებსა და არაბებს შორის არსებულ შეიარაღებულ კონფლიქტში ჩერქეზებსმონაწილეობა არ მიუღიათ. მათი აზრით, ეს იყო სემიტ ძმებს შორის დაპირისპირება და კავკასიელებიამ პროცესში არ უნდა ჩართულიყვნენ, მიუხედავად მათი მუსლიმანურიაღმსარებლობისა. ეს ფაქტი  ისრაელის ეთნოპოლიტიკურ მეხსიერებაში დადებითად აისახა.