Tuesday, October 16, 2012

ტუარეგები – საჰარის უდაბნოს მცხოვრებნი

საჰარის უდაბნოში ხალხთა სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფი ცხოვრობს, რომლებიც განსხვავდებიან ერთმანეთისგან რასობრივი, კულტურული და ენობრივი ნიშნით. საჰარის ერთ–ერთ ყველაზე დამახასიათებელ, ტიპურ მოსახლეობას წარმოადგენენ ცენტრალურ საჰარაში მომთაბარე ტუარეგები. 2012 წელს მალიში მცხოვრები ტუარეგები აჯანყდნენ და პროვინცია აზავადის დამოუკიდებლობა გამოაცხადეს.
 ტუარეგებზე უამრავი ლეგენდაა შეთხზული. ისლამის მიმდევრებისგან მათ მიიღეს სახელი "ტუარეგი", რაც ნიშნავს "ღმერთისგან განკიცხულს". საპირისპიროდ ამისა, თავიანთ თავს ისინი უწოდებენ "იმოხაგის", რაც ნიშნავს "თავისუფალს", "დამოუკიდებელს".
ტუარეგებს შორის არიან არისტოკრატები, ვასალები და მონები. არისტოკრატები მაღლები და ტანადები არიან, თეთრი კანი აქვთ. გამოირჩევიან ძალიან თავისებური ჩაცმულობითა და აღკაზმულობით. ტუარეგი მამაკაცის სამოსისთვის, რამაც იგი ცნობილი გახადა, ყველაზე დამახასიათებელია თეთრი ან ცისფერი ბამბის ქსოვილი. ისინი იფარავენ სახეს, ღია რჩება მხოლოდ თვალები. ამ ადათ–წესზე ეთნოგრაფებს მრავალი მოსაზრება გამოუთქვამთ. ერთ–ერთია ის, რომ იგი იცავს სასუნთქ ორგანოებს მშრალი ჰაერისა და ქარისგან. მაგრამ თუ ეს ასეა, საინტერესოა, მაშინ ქალები რატომ დადიან მის გარეშე იმავე პირობებში?


ამ კითხვის პასუხს იმ ლეგენდებში ვპოულობთ, რომელსაც აღნიშნულ წეს–ჩვეულებას უკავშირებენ. მრავალი წლის წინათ ტუარეგები ერთ–ერთი საომარი ლაშქრობიდან დაბრუნდნენ განადგურებული და დაუძლურებული, თანაც ნადავლის გარეშე.მაშინ ქალებმა მოიძრეს სახიდან პირსაფარი, რომელსაც მანამდე თავად ატარებდნენ და ზიზღით უთხრეს მათ: "სირცხვილი თქვენ, დამარცხებულნო!ამიერიდან თქვენ უნდა დაიფაროთ სახე".

დაახლოებით 18 წლის ასაკში, მცირე ოჯახურ ზეიმზე ბიჭი იღებს სახის საფარს და ამ მომენტიდან იგი ხდება მამაკაცი. მთელი ცხოვრება–არც დღე და არც ღამე–იგი აღარ იხსნის მას. თუ გახდა საჭიროება მისი გამოცვლისა, მამაკაცი ამას აკეთებს ბნელ კუთხეში, სადაც არავინ დაინახავს მის შიშველ სახეს.
ტუარეგებმა დღემდე შემოინახეს ლიბიელი დედის ძველი უფლება. ქალს მაღალი მდგომარეობა უკავია. უახლოეს ნათესავად და ბავშვების მფარველად ითვლება არა მამა, არამედ დედის ძმა.
ტუარეგი ქალები უფრთხილდებიან წეს–ჩვეულებებსა და თქმულებებს. წერენ ლექსებს. თითქმის ყველა ქალი წიგნიერია. მათი ავტორიტეტი იმდენად დიდია, რომ მათ მიერ ნათქვამმა ერთმა სიტყვამაც კი შეიძლება გამოიწვიოს მთელი ტომის აღელვება.

No comments:

Post a Comment