Tuesday, October 16, 2012

ტუარეგები – საჰარის უდაბნოს მცხოვრებნი

საჰარის უდაბნოში ხალხთა სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფი ცხოვრობს, რომლებიც განსხვავდებიან ერთმანეთისგან რასობრივი, კულტურული და ენობრივი ნიშნით. საჰარის ერთ–ერთ ყველაზე დამახასიათებელ, ტიპურ მოსახლეობას წარმოადგენენ ცენტრალურ საჰარაში მომთაბარე ტუარეგები. 2012 წელს მალიში მცხოვრები ტუარეგები აჯანყდნენ და პროვინცია აზავადის დამოუკიდებლობა გამოაცხადეს.
 ტუარეგებზე უამრავი ლეგენდაა შეთხზული. ისლამის მიმდევრებისგან მათ მიიღეს სახელი "ტუარეგი", რაც ნიშნავს "ღმერთისგან განკიცხულს". საპირისპიროდ ამისა, თავიანთ თავს ისინი უწოდებენ "იმოხაგის", რაც ნიშნავს "თავისუფალს", "დამოუკიდებელს".
ტუარეგებს შორის არიან არისტოკრატები, ვასალები და მონები. არისტოკრატები მაღლები და ტანადები არიან, თეთრი კანი აქვთ. გამოირჩევიან ძალიან თავისებური ჩაცმულობითა და აღკაზმულობით. ტუარეგი მამაკაცის სამოსისთვის, რამაც იგი ცნობილი გახადა, ყველაზე დამახასიათებელია თეთრი ან ცისფერი ბამბის ქსოვილი. ისინი იფარავენ სახეს, ღია რჩება მხოლოდ თვალები. ამ ადათ–წესზე ეთნოგრაფებს მრავალი მოსაზრება გამოუთქვამთ. ერთ–ერთია ის, რომ იგი იცავს სასუნთქ ორგანოებს მშრალი ჰაერისა და ქარისგან. მაგრამ თუ ეს ასეა, საინტერესოა, მაშინ ქალები რატომ დადიან მის გარეშე იმავე პირობებში?